საქართველო-ევროკავშირი

ევროკომისია საქართველოს შესახებ შეფასებას 2022-ის ნაცვლად 2023 წლისთვის მოამზადებს

ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.

"ფრთხილი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, რომ მოხდეს ქვეყნის დეპოლარიზება და დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო რეფორმებზე საფუძვლიანად სამუშაოდ. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტის პრიორიტეტების შესახებ განმეორებითი შეფასებას მოვამზადებთ 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე". – თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახულ პირობებში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და მასზე ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენდა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები