თავდასხმა შინძო აბეზე

აბეს მკვლელობის სავარაუდო მოტივი მკვლელის დედის რელიგიურ ჯგუფთან კავშირი იყო

შინძო აბეზე თავდამსხმელის დაკავება

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ტეცუია იამაგამიმ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ყოფილ პრემიერს თავს დაესხა, რადგან ფიქრობდა, რომ ის იმ რელიგიური გაერთიანების წევრი იყო, რომელსაც დედამისის ფინანსურ პრობლემების მიზეზად მიიჩნევს. 

იაპონურმა მედიამ, პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ იამაგამიმ გამომძიებლებს უთხრა, რომ დედამისმა რელიგიურ ჯგუფს ფული შესწირა და შემოწირულებების შემდეგ კი გაკოტრდა. 

ეჭვმიტანილის დედა რელიგიური გაერთიანების წევრად რჩება, თუმცა ბოლო შეკრებებს იგი არ დასწრებია. ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია თავდამსხმელის დედის შემოწირულების შესახებ. 

რელიგიური ჯგუფი, რომლის წევრიც თავდამსხმელია დედაა, მსოფლიო მშვიდობისა და გაერთიანებისთვის საოჯახო ფედერაციაა, ცნობილი, როგორც გაერთიანების ეკლესია. ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანების ეკლესიის ოფისმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ჯგუფი გმობს ძალადობას და "მათ რელიგიურ შეხედულებასა და პრაქტიკაში იარაღის ადგილი არ არის".

კანდას საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევრის, ჯეფრი ჯ. ჰოლის ცნობით, გაერთიანების ეკლესია არის იმ მრავალ ახალ რელიგიას შორის, რომლებიც აქტიურობენ იაპონიაში. მისი განმარტებით, ორგანიზაციის წევრები ძირითადად კონსერვატიული ამომრჩევლები არიან და მხარს უჭერენ იაპონიის მმართველ პარტიას, ლიბერალ-დემოკრატებს, რომლის წევრიც აბე იყო. 

აბე, ისევე, როგორ სხვა ლიდერები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაერთიანების ეკლესიის შეკრებაზე სპიკერებად იყვნენ მიწვეულნი. აბემ ბოლოს ეკლესიის წევრებს 2021 წლის სექტემბერში მიმართა.

მანამდე, იაპონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულის სამიზნე ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის ლიდერი იყო. ნახსენები რელიგიური ლიდერი კი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. ამას გარდა, როგორც იაპონური მედია იუწყება, იამაგამიმ დაკითხვაზე "ალოგიკური განცხადებები გააკეთა" და ნარას პრეფექტურის პოლიცია ფრთხილად იძიებენ არის თუ არა ბრალდებული მენტალურად ჯანმრთელი.

იაპონური მედიის, NHK-ს ინფორმაციით, იამაგამი წარსულში იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 

იამაგამის დაკავების კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, კუსტრაულად დამზადებული ორლულიანი იარაღი, რომლითაც მან იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლა.


იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის ტეცუია იამაგამი ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კომენტარები