თავდასხმა შინძო აბეზე

აბეს მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ ეკლესიაზე იაპონია გამოძიებას იწყებს

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აბეს მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ ეკლესიაზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. შედეგად, ეკლესიამ იურიდიული სტატუსი შეიძლება დაკარგოს. 

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ტეცუია იამაგამიმ გამომძიებლებს უთხრა, რომ დედამისმა რელიგიურ ჯგუფს ფული შესწირა და შემოწირულებების შემდეგ კი გაკოტრდა. 

რელიგიური ჯგუფი, რომლის წევრიც თავდამსხმელის დედაა, მსოფლიო მშვიდობისა და გაერთიანებისთვის საოჯახო ფედერაციაა, ცნობილი, როგორც გაერთიანების ეკლესია.

შემთხვევის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ვრცელდება ცნობები მმართველ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასა და ეკლესიას შორის კავშირის შესახებ. კიშიდას მთავრობის მხარდამჭერები კი ამის პარალელურად მცირდება.

გაერთიანების ეკლესია ლეგალურად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციაა იაპონიაში, ამიტომ იგი გადასახადებისგან თავისუფლდება. კიშიდამ აღნიშნა, რომ მთავრობა გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას და პირველად იაპონიის ისტორიაში დაიწყებს გამოძიებას რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ.

  • "გულწრფელად მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რადგან შევამცირეთ საზოგადოების ნდბობა პოლიტის მიმართ", - აღნიშნა კიშიდამ.

ბოლო რამდენიმე წელია ეკლესიას ზეწოლის გზით ფულის მიღებაში ადანაშაულებენ. ეკლესიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ ზოგიერთი მიმდევარი შეიძლება თავად აძალებდა სხვა წევრებს ნივთები გაეყიდათ, თუმცა ამ ტაქტიკას თავად ეკლესია არ იყენებდა. 

გამოძიების შედეგების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სასამართლოს სთხოვოს ეკლესიის რეგისტრაციის გაუქმება.

ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედამ ეკლესიას მინიმუმ 700 000 დოლარი შესწირა და მალევე, 2002 წელს გაკოტრდა. 

კიშიდას თქმით, მთავრობამ ეკლესიით დაზარებულთათვის ცხელი ხაზი გააკეთა, რომელზედაც 30 სექტემბრისთვის 1 700-ზე მეტმა ადამიანმა დარეკა. 

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გამოძიებამ დაადგინა, რომ პარლამენტში პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს ჰქონდა გარკვეული სახის კონტაქტი ეკლესიასთან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კავშირი ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელო იყო, მაგალითად, დეპუტატის მიერ საეკლესიო ღონისძიებაზე მილოცვის გაგზავნა, ეკლესიის წევრების საარჩევნო კამპანიაში მოახალისეობა.

კიშიდამ პარტიის დეპუტატებს აგვისტოში ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა უბრძანა, რადგან, მისი განმარტებით, ეს გამოძიებასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. 


იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის ტეცუია იამაგამი ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კომენტარები