თავდასხმა შინძო აბეზე

იაპონური მედია: შინძო აბეს მკვლელი ამბობს, რომ რელიგიური ჯგუფის ლიდერის მოკვლა სურდა

შინძო აბეზე თავდამსხმელის დაკავება

იაპონურ მედია მაინიჩისთან საქმის კურსში მყოფმა პირებმა თქვეს, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერზე, შინძო აბეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს, პოლიციასთან თქვა, რომ მისი სამიზნე ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის ლიდერი იყო.

მაინიჩის ინფორმაციით, ქალაქ ნარაში მცხოვრებმა 41 წლის ტეცუია იამაგამიმ, რომელიც მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აღიარა. 

დაკითხვის დროს ბრალდებულმა ახსენა კონკრეტული რელიგიური ჯგუფი, რომლის სახელსაც მედია არ ასახელებს.

"მე მიზნად ვისახავდი ამ [რელიგიური ჯგუფის] მაღალი წარმომადგენლის მიზანში ამოღებას". – მაინიჩის ინფორმაციით, თქვა ტეცუია იამაგამიმ.

მედიის ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ნახსენები რელიგიური ლიდერი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. 

ამას გარდა, როგორც იაპონური მედია იუწყება, იამაგამიმ დაკითხვაზე "ალოგიკური განცხადებები გააკეთა" და ნარას პრეფექტურის პოლიცია ფრთხილად იძიებენ არის თუ არა ბრალდებული მენტალურად ჯანმრთელი.

იაპონური მედიის, NHK-ს ინფორმაციით, იამაგამი წარსულში იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 

იამაგამის დაკავების კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, კუსტრაულად დამზადებული ორლულიანი იარაღი, რომლითაც მან იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლა.


იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის ტეცუია იამაგამი ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

შემთხვევის შემდეგ შინძო აბე ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. 

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კომენტარები