დიდი ბრიტანეთი

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე?

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

შიდაპარტიული უნდობლობის გამო, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დღეს დატოვებს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში თანამდებობა კაბინეტის სამმა წევრმა დატოვა. მათ შორის, ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრმა, ბრენდონ ლუისმა, ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა. 

ჯამში, 6 ივლისიდან ბრიტანეთში სამთავრობო თანამდებობიდან 40-მდე ადამიანი გადადგა. მათ შორის 12 მინისტრი და 3 კაბინეტის წევრია. 

ბრიტანული წყაროების ცნობით, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი

ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ფინანსთა მინისტრი და კონსერვატიული პარტიის წევრი, რიში სუნაკია. იგი დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად ითვლებოდა. 

"სამწუხაროა, რომ მთავრობას ვტოვებ, მაგრამ მივედი დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვფიქრობ, იმ სტანდარტებისთვის, რომელსაც საზოგადოება ჩვენგან მოელის, ღირს ბრძოლა". - თქვა სუნაკმა 5 ივლისს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე. 

სუნაკი დაბალ გადასახადებს ემხრობა, რის გამოც იგი კონსერვატიულ პარტიაში საკმაოდ პოპულარულია. ვარაუდობენ იმასაც, რომ უახლოეს მომავალში, მსოფლიო კრიზისის საპასუხოდ დაბალი გადასახადების პოლიტიკას ბრიტანეთში კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი

კანდიდატებს შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასიც, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თუმცა, შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა თრასი საკუთარ თავს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე, თრასი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ამის საჭიროება არ დგას, რადგან ჯონსონმა მისი 100%-იანი ნდობის შენარჩუნება მოახერხა. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი

ბენ უოლესი 2019 წლიდან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანია. უოლესის თქმით, მას ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობის მიმართ ინტერესი არ აქვს. 

ერთ-ერთმა კონსერვატორმა The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბენ უოლესს პარტიის ყველა ფრთხის მხარდაჭერის მოზიდვა შეუძლია. ასევე, მიმდინარე გამოკითხვებში ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი

საჯიდ ჯავიდს, რომელიც 2019 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის კენჭს იყრიდა, 2021 წლის ზაფხულიდან ჯონსონის მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მდივნის თანამდებობა ეკავა. 

ის კაბინეტის პირველი მინისტრია, რომელმაც 5 ივლისს თანამდებობა დატოვა. ჯავიდის სიტყვებით, მას "კეთილსინდისიერად გაგრძელება აღარ შეუძლია".

ჯავიდი ბრიტანეთის ყოფილი კანცლერია, რომელიც თანამდებობიდან 2020 წლის თებერვალში გადადგა, მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა ყველა მრჩევლის გათავისუფლება სთხოვა. 

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, პენი მორდონტი

პენი მორდონტი 2019 წლის ხელმძღვანელობის არჩევნებში ჯერემი ჰანტის მხარდამჭერი იყო, რის გამოც მან კაბინეტი დატოვა. 2020 წელს იგი სახელმწიფო ხაზინის მინისტრი გახდა, ხოლო მოგვიანებით საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში გადაინაცვლა.

მორდონტი სამთავრობო პოლიტიკის მიმართ მეტნაკლებად კრიტიკულად იყო განწყობილი. 28 მაისს, სიუ გრეის სრული მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, მორდონტმა BBC-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ დაუნინგ სტრიტზე მყოფ ადამიანებზე "გაბრაზებული“ იყო, რადგან ისინი Covid-ის წესებს უგულებელყოფდნენ და შეზღუდვების შემსუბუქების გონივრულ მოთხოვნებს ბლოკავდნენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ყოფილი მდივანი, ჯერემი ჰანტი

ჯერემი ჰანტი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ყოფილი მდივანია, რომელიც 2019 წელს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის არჩევის ბოლო რაუნდში ჯონსონთან დამარცხდა. 

ამის შემდეგ, იგი მთავრობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით არასწორი პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. ასევე, გასულ თვეში, პარლამენტში ბორის ჯონსონის ნდობის კენჭისყრის წინ, მან პრემიერმინისტრი ღიად გააკრიტიკა. 

ივლისის დასაწყისში, ჟურნალ The Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ მართალია რუსეთ-უკრაინის ომის გამო ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო არ არის, თუმცა, იგი დაბრუნებას არ გამორიცხავს. 

დიდი ბრიტანეთის კანცლერი, ნადიმ ზაჰავი

The Telegraph-ის ცნობით, ნადიმ ზაჰავი სერ ლინტონ კროსბის პოლიტიკური სტრატეგების დახმარებით, თვეების განმავლობაში ლიდერის კანდიდატის მიღებას ცდილობდა.

ზაჰავი კანცლერის სტატუსამდე განათლების მინისტრი იყო. 2022 წლის დასაწყისში მან გამოსცა თეთრი წიგნი განათლების შესახებ, სადაც მან ყურადღება სკოლებში განათლების სტანდარტებსა და აკადემიებს შორის ნდობის პოლიტიკაზე გაამახვილა.

ამასთან ერთად, ზაჰავი ბორის ჯონსონს მთელი პარტიის სკანდალის განმავლობაში მტკიცედ იცავდა.

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი, დომინიკ რააბი

დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი იუსტიციის მდივანია, რომელიც აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. 2019 წლის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მან მე-6 ადგილი დაიკავა. 

იუსტიციის მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მან ციხის სისტემაში მკაცრი, შემზღუდავი რეფორმები გაატარა. 

ბორის ჯონსონთან დაკავშირებით, მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ პრემიერს წვეულებისა და კოვიდრეგულაციების დარღვევა აპატიოს. 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰათი

ტუგენდჰათი პარტიის ზომიერი ფრთის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ანგარიშვალდებულია მის, როგორც პალატის მრავალპარტიული საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე.

იგი ბორის ჯონსონს მთელი მისი პრემიერობის განმავლობაში აკრიტიკებდა. 30 მაისს ამომრჩევლებისთვის გაგზავნილ წერილში მან ჯონსონი "ბრიტანელი ხალხისა და დედოფლის ზიზღში" დაადანაშაულა.

"მე ჩემი პოზიცია ნათლად გავამჟღავნე მათთვის, ვისაც ამის მოსმენა სჭირდება“. - თქვა ტუგენდჰათმა.

კომენტარები