საქართველო-უკრაინა

ქადაგიშვილი: 4 თვეა გვესმის, რომ უკრაინელები გაღიზიანებული არიან საქართველოზე

ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს ყოფილი ელჩის რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლისა და პარტია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დაწყების დღიდან საქართველოზე გაღიზიანებული არიან.

"დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაკფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერია სიახლე. 4 თვეა მათგან გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე. გაღიზიანებული არიან იმიტომ, რომ ქართველი ქალები და ბავშვები არ იხოცებიან, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ისინი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ იმ არესტოვიჩის მხარეს? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, არა? ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას". - ამბობს ოცნების დეპუტატი.

აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი პალიტრანიუსთან ამბობს, რომ ჯგუფში საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეებზე სანქციების დაწესებას განიხილავენ.

მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია. მისი თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება, რითიც ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით, ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.

კომენტარები