საკვირაო ქადაგება

მოსაყდრე შიო: კაცობრიობის მთავარი სენი დღეს არის უკმაყოფილება

საქართველოს მთავრობა / Facebook

"დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არ არის მთავარი"- თქვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას და აბიტურიენტები დალოცა.  

მისი თქმით, კაცობრიობის მთავარი სენი დღეს არის უკმაყოფილება. მოსაყრდე ამბობს, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, "როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება" 

"რა არის მთავარი – საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი – კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა. ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში.

აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება".- ამბობს მეუფე შიო მუჯირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

კომენტარები