რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახლადგამოშვებული 100-რუბლიანი მიმოქცევაში ვერ შედის, რადგან ბანკომატი კუპიურას ვერ იღებს

ახალი 100-რუბლიანი კუპიურა
Natalia KOLESNIKOVA/AFP

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი 100-რუბლიანი გამოუშვა, თუმცა, კუპიურა მიმოქცევაში ვერ შედის იმის გამო, რომ ბანკომატები და სალარო აპარატები ახალ ბანკნოტებს ვერ ემსახურება - ამისთვის მათ ახალ ტექნიკაზე გადაწყობა სჭირდებათ. 

ამ პროცესის წარმართვისთვის, აუცილებელია დასავლეთის ბანკომატების წამყვანი მწარმოებელი კომპანიების, NCR-ისა და Diebold Nixdorf-ის ჩართულობა, თუმცა მათ რუსული ბაზარი მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვეს. 

შესაძლო პრობლემის შესახებ რუსეთის ბანკების ასოციაციამ ცენტრალური ბანკი ჯერ კიდევ გაზაფხულზე გააფრთხილა. კერძოდ, ასოციაციამ აღნიშნა, რომ ბანკომატების 100%, ხოლო სალარო აპარატების 60%-ი იმპორტირებულია. ამის გამო, რუსეთის ბანკების ასოციაციამ ახალი ბანკნოტების შემოტანის 6 თვით გადადება მოითხოვა.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი ბელოვის თქმით, რუსეთს 6 თვიდან 1 წლამდე დასჭირდება იმისთვის, რომ ბანკომატები განახლდეს და ახალი კუპიურების ამოცნობა შეძლოს. თუმცა, ექსპერტების ცნობით, არსებულ პირობებში, ახალი აღჭურვილობის დაყენებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. 

რუსეთმა ახალი კუპიურა ბოლოს 2017 წელს, 200 და 2 000 რუბლის ნომინალში შემოიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი მომავალ წელს 1 000 და 5 000 რუბლის კუპიურების შემოტანას გეგმავს. 

კომენტარები