ვატო წერეთელი

აშშ-ს საელჩო წერეთელზე: ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ, ვსწავლობთ ინფორმაციას

აშშ-ს საელჩო TV პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფაქტს სწავლობს. 

"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას".- აღნიშნავს საელჩო. 

TV პირველის ცნობით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა. თავად ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. 

მისივე თქმით, თავს რამდენიმე დეპუტატი დაესხა და "საქმეებს ურჩევდა". 

"მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. აი, ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხო თავი უნდა მოიკლა?! რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა და ნუ, მინდოდა დამელეწა თავზე, მაგრამ ნუ, წარმოუდგენელია, დავიბენი ".- ამბობს წერეთელი.

ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს. მისი თქმით, ვატო წერეთელმა "ის პასუხი მიიღო, რომელსაც იმსახურებდა"

კომენტარები