დიდი ბრიტანეთი-საქართველო

ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონით დაეხმარება

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანა საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ბრიტანეთის სამთავრობო საიტი ავრცელებს.

"დღეს გამოცხადებული £5 მილიონზე მეტი დამატებითი დაფინანსება საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიბერ მხარდაჭერის მომდევნო ფაზას აღნიშნავს. ეს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს - გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად". - წერია განცხადებაში.

განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტის ლიდერებს მიმართა.

ბორის ჯონსონის თქმით, დიდ ბრიტანეთს აქვს განვითარებული თავდაცვის სისტემა და 29 ივნისს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა თავისუფალ დემოკრატიას, რომელსაც რუსეთის ემუქრება.

"ქართველი ხალხი ყოველდღე რუსეთის აგრესიის ფრონტზე ცხოვრობს. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები საკუთარი კიბერ შესაძლებლობების გასავითარებლად გამოიყენოს". - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

განცხადების მიხედვით, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ქართველ კოლეგასთან, უწევს ტრენინგს და მხარდაჭერას ქვეყნის კიბერ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

კომენტარები