შემოსავლების სამსახური

სამინისტრო: სანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის ნავსადგურს ტოვებს

ბათუმელები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული რუსი კომპანიის ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ გემს უარი ეთქვა დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლაზე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში, თუმცა დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ გემით სანქცირებული კომპანიის ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ.

"კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი". – ნათქვამია განცხადებაში.

სანქცირებული კომპანიის პროდუქტით დატვირთული გემის ბათუმის ნავსადგურში შესვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში გავრცელდა. 27 ივნისს ცნობა დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოებმა გემს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ მისცეს. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არც ყოფილა და არც მომავალში იქნება.

მთავარი არხის ინფორმაციით, საუბარია სანქცირებული როსნეფტის ნავთობპროდუქტებზე, რომელიც 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ საქართველოში შემოიტანა. გამოცემა ბათუმელების ცნობით, ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან. 24 ივნისვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ბათუმის პორტის ნავმისადგომში გემი 26 ივნისს შემოვიდა.

კომენტარები