ეკონომიკის სამინსტრო

მინისტრი: ბათუმში გემი სანქცირებული კომპანიის ტვირთით შემოვიდა – საბაჟომ თანხმობა არ გასცა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიის საქონლით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებმა ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გასცეს. დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არც ყოფილა და არც მომავალში იქნება.

"ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ.  საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია შეგიძლიათ გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთის მფლობელს. საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე პორტს რაც უნდა სურვილი ჰქონდეს, კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, ეს ტვირთი, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდება საქართველოში და საქართველოს საბაჟო სივრცეში". – თქვა მინისტრმა.

მთავარი არხის ინფორმაციით, საუბარია სანქცირებული როსნეფტის ნავთობპროდუქტებზე, რომელიც 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ საქართველოში შემოიტანა. გამოცემა ბათუმელების ცნობით, ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან. 24 ივნისვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ბათუმის პორტის ნავმისადგომში გემი 26 ივნისს შემოვიდა და ამ დროისთვისაც პირველ ნავმისადგომზე დგას.

კომენტარები