ძალადობა ჟურნალისტებზე

TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინციდენტის შესახებ ისაუბრა თავად ნანუკა ქაჯაიამაც.

"მე და ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრთან რესპოდენტის ჩასაწერად ვიყავით მისული. ხელში მეჭირა TV პირველის მიკროფონი. ამ დროს 2 მამაკაცი თავს დაგვესხა. თავდაპირველად მათ სცადეს, რომ ჩემთვის მიკროფონი წაერთმიათ, შემდგომ ჩვენი ტექნიკის დაზიანება სცადეს, ამის მერე კი გვაგინეს. ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამ ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. აგრეთვე, მიმდებარე პერიმეტრზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული". - ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ TV პირველის წარმომადგენლებზე თავდასხმა 1 კვირის წინაც განხორციელდა. 18 ივნისს ქალაქ ბათუმში ტელეკომპანიის ოპერატორს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 2 პირი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე პიროვნება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

კომენტარები