NATO-რუსეთი

ლავროვი: ევროკავშირი, NATO-სთან ერთად, რუსეთთან საომრად კოალიციას კრებს

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, ევროკავშირი და NATO რუსეთთან საომარ კოალიციას კრებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებსაც.

"რა თქმა უნდა, მართლაც დავაკვირდებით ევროკავშირის ქცევას და ყურადღებას მივაქცევთ იმ რეალურ ნაბიჯებს, რომელთაც ის დგამს და კანდიდატი ქვეყნები დაემორჩილებიან ამ მოთხოვნებს, თუ მაინც საკუთარი დამოუკიდებლობის გამოხატვას ეცდებიან. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი რუსოფობიული მუხტი რაღაცგვარად შემცირდება ან სახეს შეიცვლის ახლო მომავალში. მაგრამ ეს არის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს". – თქვა ლავროვმა.

ლავროვის მტკიცებით, ევროკავშირი და NATO რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის კოალიციას კრებს. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქცევებს ყურადღებით დააკვირდებიან.

"ეს გზა, რომელიც, სამწუხაროდ, მახსენებს... იცით, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერმა ხომ თავისი დროშის ქვეშ შეკრიბე მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა დიდი, ევროპული ქვეყნების საბჭოთა კავშირთან საომრად. ახლაც ასე, მათ შორის, ევროკავშირიც, NATO-სთან ერთად, აგროვებს ასეთ, უკვე, თანამედროვე კოალიციას საბრძოლველად, დიდწილად, რუსეთის ფედერაციასთან საომრად. ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებიანად დავაკვირდებით". – თქვა ლავროვმა.

კომენტარები