საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე EU-ს გადაწყვეტილებაზე: 99% იგივე დარჩება, რაც ევროკომისიის დოკუმენტში წერია

ირაკლი კობახიძე

"ყველამ იცის, რომ 99% დარჩება იგივე, რაც წერია კომისიის დოკუმენტში, ეს დღესავით ნათელია" – ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვას.

"კომისიის [რეკომენდაციის] შემდეგ აზრი აღარ აქვს. ყველამ ვიცით, ჩვენც და ოპოზიციამაც. აქაც FAKE კამპანიას აწარმოებენ, თითქოს შეიძლება რამე შეიცვალოს. არის მხოლოდ თეორიული შანსი, რომ რაღაც მოხდეს. ამის პრაქტიკული შანსი არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მათ შორის, იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არიან გარკვეული საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა, კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ". – თქვა კობახიძემ.

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამიტზე ქვეყნების ოფიციალურად მიწვევის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები