საქართველო-ევროკავშირი

სირცხვილია: 20 ივნისი იყო დღე, როცა ერთმანეთის ძალების ისევ ვიწამეთ, მადლობას ვუხდით ყველას

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია 20 ივნისს გამართულ აქციასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის. 

"20 ივნისი იყო დღე, როცა ერთმანეთის ძალების ისევ ვიწამეთ. რუსთაველის გამზირზე (და მის ქვეშ) მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობა ვიხილეთ, რადგან საქართველოს ევროინტეგრაცია ის საკითხია, რომელზეც პოლარიზებულ საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს!

ჩვენ გვერდით გადავდეთ უმნიშვნელო განსხვავებები, ამ მნიშვნელოვანი დღისთვის გავერთიანდით და ევროპელ მეგობრებს მკაფიოდ ვაჩვენეთ - საქართველოს ხალხს სურს სვლა შინ ევროპისკენ! ამისთვის მადლობას ვუხდით შეკრებაში მონაწილე თითოეულ მოქალაქეს, ქვეყნის საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ.

ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს - საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას.

საბჭოში შემავალი ჯგუფების კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება

მოგიწოდებთ, კვლავ შევიკრიბოთ 24 ივნისს, ევროკომიის მიერ საქართველოს შესახებ საბოლოო ვერდიქტის გამოქვეყნების დღეს, რათა სამოქალაქო ერთობით დავიწყოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება და დავბრუნდეთ შინ, ევროპაში!". - აღნიშნულია განცხადებაში. 

მოძრაობა სირცხვილიამ 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მორიგი აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე – სახელწოდებით შინ ევროპისკენ – მოძრაობამ მანიფესტი წარადგინა და ახალი სახალხო მოძრაობის დაარსების შესახებ განაცხადა. 

მანიფესტის სრული ტექსტი ნახეთ აქ. 

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

 

კომენტარები