დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის სამხედრო ძალებმა დასავლეთის მიერ მიწოდებული Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ წარმატებით პირველად გამოიყენეს. თავდასხმის სამიზნე რუსეთის საზღვაო ბუქსირი Spasatel Vasily Bekh-ი იყო, რომელიც ზმეინის კუნძულს იარაღს აწვდიდა და სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა.
"რუსული გემის განადგურება ოკუპანტების რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ზმეინის კუნძულის ოკუპაციას უკავშირდება. ეს არის უახლესი რუსული გემი, როგორიც კრეისერი МОСКВА, რომელიც კონფლიქტის დროს დაზიანდა ან უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს.
უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები რუსეთის მხრიდან შავ ზღვის ჩრდილო-დასავლეთით კონტროლის დამყარებას ზღუდავს". - წერია ანგარიშში.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





