რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი წლები შეიძლება გაგრძელდეს

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უნდა მოემზადოს, რომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ ომში, რომელიც წლები შეიძლება გაგრძელდეს. მისი განმარტებით, ომისთვის დიდი ფასია გადასახდელი, თუმცა რუსეთის სამხედრო წარმატება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება. 

"უნდა მოვემზადოთ, რომ ეს [უკრაინაში ომი] წლები შეიძლება გაგრძელდეს. არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინისთვის მეტად თანამედროვე სამხედრო იარაღის მიწოდება გაზრდის ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონის გათავისუფლების შანსებს. ბოლო რამდენიმე თვეა რუსული და უკრაინული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთით კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან. უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის დასამარცხებლად მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები