რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

Michael Kappeler/picture alliance/Getty Images

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ევროკავშირს მოუწოდებს, გაამარტივოს ახალი წევრების მიღების წესები. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის უნდა მოემზადოს არა მხოლოდ მიმღები ქვეყნები, არამედ თავად ევროკავშირიც. 

"ევროკავშირმა სტრუქტურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი თანამედროვე უნდა გახადოს. ყოველთვის არ იქნება ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტის შესაძლებლობა, თუმცა დღეს ეს ერთსულოვნებას მოითხოვს". - თქვა კანცლერმა.

მისი თქმით, ის აპირებს ამის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ისაუბროს, რომელიც 23-24 ივნისსაა დაგეგმილი. შოლცის განმარტებით, სამიტი წაახალისებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. 

სამიტზე 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები