საქართველო-ევროკავშირი

მეცოლა: უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ

AP

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს, რომ საქართველოსაც მისცეს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა. 

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება". - წერს Twitter-ზე რობერტა მეცოლა. 

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

ამის შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

კომენტარები