რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მის დამოუკიდებლობას დასჭირდება

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იქნება საჭირო. ამის შესახებ კიევში ემანუელ მაკრონთან და მარიო დრაგისთან ერთად ჩასულმა შოლცმა გამოცემა Bild-თან ისაუბრა.

"ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება არ გვსურს, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას – ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე იარაღი, კვლავ გაგრძელდეს". - თქვა შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც "უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო".

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმ დრომდე გაგრძელდება სანამ რუსეთი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

"სანქციები ხელს უწყობს იმ შესაძლებლობის არსებობას, რომ რუსეთი საკუთარ ოპერაციას შეწყვეტს და ჯარების გაიყვანს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის". - თქვა შოლცმა. 

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში პოლონეთიდან, ღამის მატარებლით ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მასთან ერთად ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები