საქართველო-ევროკავშირი

საგარეო: გერმანიის პოლიტიკურ წრეებს ტრიოსთვის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივა აქვთ

Shutterstock

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პოლიტიკური წრეები, მათ შორის, ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან.

"გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა თავად ევროკავშირის ინტერესებშია.

გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა "უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

სამივე ქვეყანამ ევროკომისიას უკვე გადასცა კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპულ საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები