საქართველო-ევროკავშირი

სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი

ტაბულა

ევროკომისიის პრესმდივნის, ერიკ მამერის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს.

"პრესაში ვნახე, რომ თითქოს კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო – ეს მცდარი ინფორმაციაა. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. შედგა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს ამ საკითხის შესახებ საკუთარი ხედვისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევს გამოცხადდება. კოლეგია ამ დებატებისთვის ემზადება, შესაბამისი სამსახურები კი, დოკუმენტების შედგენას ასრულებენ. ხუთშაბათს კაბინეტების დირექტორთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა კოლეგიის დღის წესრიგში ყველაფერი რიგზე პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ზემოხსენებული პუნქტი. პარასკევს კი, კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მანამდეც გვქონდა". - განმარტა მამერმა.

გუშინ, გამოცემა Politico-მ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

წყაროს ცნობით, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ევროკომისრების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამავე სტატუსის მოლდოვისთვის მინიჭებასაც, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთან დაკავშირებით.


3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

იქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა.

გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება. 

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

9 ივნისს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შესულ ერთ-ერთ შესწორებაში საუბარი იყო ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრითვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვის რეკომენდაციაზეც.

კომენტარები