უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი: ევროპულმა სისტემამ შესაძლოა წააგოს, თუ მათ სიტყვებს საქმე არ მოჰყვება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში, დემოკრატიის სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, "ნაცრისფერ ზონაში" არ დარჩეს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპულ ბლოკს სიტყვების საქმით დამტკიცებისკენ მოუწოდა. 

"უახლოეს კვირებში ევროკავშირს ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რომელიც დაამტკიცებს, რომ სიტყვები უკრაინელი ხალხის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე, ტყუილი არ არის". - თქვა ზელენსკიმ. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს, თუმცა ამჟამად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია ნიდერლანდები ასევე, გერმანია უკრაინის ევროკავშირში სრულად გაწევრიანებამდე, გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს, ხოლო დანიის აზრით, უკრაინა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის ინსტიტუტების კრიტერიუმებს საკმარისად ვერ აკმაყოფილებს. 

ამასთან დაკავშირებით, ზელენსკის აინტერესებს, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი წევრი ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასა და რუსეთთან კავშირების გაწყვეტასთან დაკავშირებით.

"თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელების 71% უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, რატომ არიან კიდევ პოლიტიკური სკეპტიკოსები, რომლებიც უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების უფლების მიცემაზე ყოყმანობენ?

ევროპულმა სისტემამ შესაძლოა წააგოს, თუ სიტყვებს, საქმე არ მოჰყვება". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები