ოკუპირებული აფხაზეთი

მარიონეტულმა აფხაზეთმა იემენისგან აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის წინადადება მიიღო

TASS

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა იემენისგან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და ურთიერთაღიარების წინადადება მიიღო.

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან სირიაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ ისაუბრა. 

"ჩვენ იემენის რესპუბლიკისგან მივიღეთ ოფიციალური შეთავაზება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და ურთიერთაღიარების შესახებ. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ვიცით, რომ იქ ახლა რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ იემენში სიტუაცია დასტაბილურდება და მშვიდობიან გეზს აიღებს". – თქვა ხუტაბამ. 

ხუტაბას თქმით, მას შემდეგ, რაც იემენში სიტუაცია გაუმჯობესდება, დაიწყება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების სამართლებრივი საფუძვლის შემუშავება.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საფუძვლის ჩამოყალიბებაზე.

"იმენს მადლობას ვუხდით დიალოგისთვის. ქვეყანაში, როგორც ცნობილია, სირთულეებია. შევთანხმდით, რომ მოვიცდით, სანამ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის საფუძველს ვაყალიბებთ". – თქვა არძინბამ.

იემენში 2014 წლის შემდეგ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დამოუკიდებლობა ამ დრომდე აღიარებული აქვს 5 ქვეყანას: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და სირიას.

კომენტარები