მარტოხელა მშობელი

მარტოხელა დედის და მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება – რას ითვალისწინებს ცვლილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება. კერძოდ:

  • მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
  • ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
  • თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად 
  • თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

დაჩქარებული წესით მოთხოვნილი ცვლილებების პროექტი დეპუტატებს მესამე მოსმენით, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი შატაკიშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, ცვლილებების მომზადების და მიღების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვაა. დეპუტატმა აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე - საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებზეც ისაუბრა. ცვლილების თანახმად,  საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება - მარტოხელა მშობელი, ნაცვლად - მარტოხელა დედისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 84 ხმით, ერთხმად მიიღო, 2022 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები