ქართული ოცნება

წულუკიანი ელჩების დანიშვნაზე: ამ მოდელში პრეზიდენტს არ ეთქმის სიტყვა

კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრისა და ვიცეპრემიერის, თეა წულუკიანის თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა ელჩობის ან დიპლომატიური მისების ხელმძღვანელობის კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, მისი ხელმოწერა "წმინდა სიმბოლურია". წულუკიანი ამბობს, რომ არსებულ მოდელში პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის შესახებ "სიტყვა არ ეთქმის".

"კონსტიტუცია არის მკაფიო და ცალსახა, რომ პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება უკეთესი რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, რამდენჯერმე გვქონდა საქართველოს მთავრობას შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ კონკრეტული კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით უარი განაცხადა ხელმოწერაზე და მან თქვა, რომ ჩემი აზრით, ეს კონკრეტული პირი არა ამა და ამ ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყანაში იქნებოდა უკეთესი, ან მე არ მსურს, რომ ესა და ეს ადამიანი იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩად დანიშნულიო". – თქვა წულუკიანმა პირველი არხის ცნობით.

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მთავრობის მიერ სარჩელის შეტანამდე პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 14 აპრილს დაამტკიცა. მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს უკვე შეუძლია კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტია დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აანონსებდა. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს სწორედ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას  ედავებოდა.

ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

ცვლილებებამდე მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება იყო დასაშვები, პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტები არ გამოუცია.

მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები