ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაწყებული ვარსკვლავური დრამა კულმინაციას უახლოვდება. ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესის მეხუთე კვირა დასრულდა.
გახმაურებული პროცესის მეხუთე კვირას, ამბერ ჰერდმა სასამართლოს ახალი ჩვენებები მისცა. ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგნენ ასევე სუპერმოდელი ქეით მოსი, მსახიობი ელენ ბარკინი, ასევე ამბერ ჰერდის უმცორის და, უიტნი ენრიკესი.
ჰერდმა დეპის მხრიდან ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა. 2015 წელს, აღმოსავლეთ ექსპრესის გადაღებების პერიოდში, ყოფილმა ქმარმა სცემა და მისი დახრჩობა სცადა. ჰერდის თქმით დეპი ხშირად თვითდესტრუქციული იყო და საკუთარ სხეულს დაზიანებებს აყენებდა.
"ჩხუბის დროს ხშირად ხელებს და მკერდს ისერავდა. ასევე სიგარეტით იწვავდა სხეულს". – ამბობს ჰერდი.
ჰერდის თქმით 2016 წლის დასაწყისისთვის დეპმა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე სრულად დამოკიდებული გახდა. მას ეჩვენებოდა ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არ იყვნენ, "ძალადობა გახდა ყოველდღიურობა და არა გამონაკლისი". 22 აპრილს, ჰერდის დაბადების დღეზე, ქმარმა შამპანურის ბოთლი ესროლა ნახატს, შემდეგ ცოლი ძირს დააგდო. მაისში, მორიგი ჩხუბის დროს დეპმა სახეში ტელეფონი ესროლა და შემდეგ თმით ათრია ცოლი. ჰერდმა ჟიურის სახესა და კისერზე ძალადობის კვალის ამსახველი ფოტოები წარუდგინა.
მსახიობის თქმით მას არ უნდოდა ძალადობის შესახებ საზოგადოებას შეეტყო, ამიტომ პოლიციას არ იძახებდა, ასევე მალავდა ჩალურჯებებს და არავის უყვებოდა პრობლემის შესახებ.
სასამართლოზე ჯონი დეპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ჰერდის უმცროსმა დამ, უიტნი ენრიკესმა.
ენრიკესის თქმით ის დასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრობდა და სიძე, როგორც საკუთარი ძმა უყვარდა. ცნობილი მსახიობის დამ მოყვა, რომ დეპთან ერთად კოკაინი მოიხმარა, არაფხიზელ მდგომარეობაში ენრიკესსა და დეპს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"უკნიდან მომეპარა და ზურგში ჩამარტყა. გავიგონე ამბერის შეძახილი "ხელი არ ახლო ჩემს დას, ნა***ვარო". ამბერმა ხელი დაარტყა, საპასუხოდ ჯონი ცალი ხელით თმაში წვდა, მეორეთი კი რამდენჯერმე სახეში ჩაარტყა". – ამბობს ენრიკესი.
ჰერდის დამ ასევე ინციდენტი გაიხსენა, როდესაც დეპმა Red Bull-ის ქილა საკუთარ ექთანს, დები ლოიდსს ესროლა. ლოიდმა თავდასხმის ფაქტი საკუთარ ჩვენებაში უარყო.
მეხუთე კვირას სასამართლოს წინაშე წარდგა მსახიობი და დეპის ყოფილი მეგობარი ქალი, ელენ ბარკინი. მსახიობები ერთმანეთს 1998 წელს ხვდებოდნენ. ბარკინის თქმით დეპი ეჭვიანი, ასევე მუდმივად "კაიფში" იყო. ჩხუბის დროს მსახიობმა დეპს ღვინის ბოთლი ესროლა, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპმა ბარკინის ზურგზე ნაკაწრი შეამჩნია და ის ღალატში დაადანაშაულა.
25 მაისს, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო სხდომაზე სუპერმოდელმა და დეპის ყოფილმა მეგობარმა გოგომ, ქეით მოსმა ჩვენება მისცა.
მოსი ჩვენების მისაცემად საკუთარი სახლიდან ჩაერთო და უარყო, რომ ჯონი დეპმა ის კიბიდან დააგორა. მისი თქმით, ის და დეპი იამაიკაში იყვნენ, როდესაც სახლის კიბეებზე თავად დაგორდა.
"ოთახიდან გავდიოდით, ჯონმა მე გამასწრო. გარეთ კოკისპირული წვიმა იყო და მას შემდეგ, რაც ოთახიდან გავედი, კიბეზე ჩავსრიალდი და ზურგი დავიზიანე. ვიკივლე, რადგან არ ვიცოდი, რა დამემართა და ტკივილს ვგრძნობდი. ის [ჯონი დეპი] სირბილით მოვიდა ჩემ დასახმარებლად, ოთახში შემიყვანა და სამედიცინო დახმარება გამიწია". – იხსენებს სუპერმოდელი.
დეპისა და ჰერდის სასამართლო პროცესი დასრულდა, ნაფიცი მსაჯულები საბოლოო ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოიტანენ.
გახმაურებული სასამართლო საქმის მნიშვნელოვან დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.