რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ რუსეთის 4 ფირმას და 22 მოქალაქეს, მათ შორის ალინა კაბაევას, სანქციები დაუწესა

ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა

კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. სანქციებს შორის მოხვდა 22 ფიზიკური, ხოლო 4 - იურიდიული პირი. მათ შორის, რუსული ფინანსური ინსტიტუტების მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას კანადის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

სანქცირებულებს შორის აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობარი გოგო ალინა კაბაევაც. 

"პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერ მცდელობაზე, კანადა შესაბამისი კონტრზომების მიღებას არ დააყოვნებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით". - თქვა მელანი ჯოლმა.

კანადამ სანქციები დაუწესა ოთხ რუსულ კომპანიას, მათ შორის საინვესტიციო სავაჭრო ბანკებს, PJSC-ს, რუსეთის აგრარული ბანკს, RVC Management Company LLC-სა და რუსეთის პირდაპირ საინვესტიციო ფონდს. სანქციები აქტივების გაყინვასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას მოიცავს. 

აქამდე, კანადამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, სანქციები პუტინის რეჟიმის თამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც შეეხო, მათ შორის, არაპროვოცირებულ შეჭრაზე პასუხისმგებელ ადამიანებს. მისივე სიტყვებით, რუსეთის ამ მოქალაქეების წინააღმდეგ კანადამ სანქციები უკვე დააწესა. ახლა კი, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მენდიცინოს შეფასებით, ეს ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც შესაძლებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე პასუხი აგოს. 

კანადა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. ომის დაწყებიდან დღემდე, კანადამ სანქციები რუსეთისა და ბელარუსის, დაახლოებით, 1 000 მოქალაქეს დაუწესა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები