რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია საბერძნეთს ჯავშანტექნიკას მისცემს, რათა ათენმა საბჭოთა ტექნიკა უკრაინას გადასცეს

Soeren Stache/AFP/Getty Images

გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, IFV-ებს გადასცემს, სანაცვლოდ კი, ათენი საბჭოთა ტიპის იარაღს უკრაინაში გაგზავნის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ ისაუბრა.

"საბერძნეთს გერმანიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადავცემთ. ჩვენი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები დეტალებს შეისწავლიან, რათა შეთანხმება სწრაფად განხორციელდეს". - თქვა შოლცმა.

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინი საბერძნეთში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის 100 ძველ Marder IFV-ს გაგზავნის. ხოლო სანაცვლოდ, უკრაინა საბჭოთა ტიპის BMP IFV-ებს მიიღებს.

კიევი მოკავშირე ქვეყნებს დამატებით იარაღის უკრაინაში გაგზავნისკენ მოუწოდებს. 

27 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა თავის მიწას იცავს იმდენად, რამდენადაც დღევანდელი თავდაცვის რესურსები მათ ამის საშუალებას აძლევს. 

"თუ ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები