რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის მცდელობა, შეამციროს სანქციების სიმძიმე, ხაზს უსვამს მიყენებულ დარტყმას

მარცვლეულის ჩატვირთვა ოდესის პორტში, 2021 წელი
Elena Larina/Shutterstock

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მზადყოფნა, რომ უკრაინის პორტებზე ბლოკადა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ მოხსნას, ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმს მის წინააღმდეგ შემოღებული ზომები აყენებს.

"რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი კეთილგონიერ აქტორად და ნებისმიერ წარუმატებლობაში დასავლეთი დაადანაშაულოს. რუსეთის მცდელობა, რომ საერთაშორისო სანქციების სიმძიმე შეამციროს, ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმს სანქციები აყენებს". – ნათქვამია განცხადებაში.

25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ გარკვეული სანქციების მოხსნის შემთხვევაში მზად არიან, უკრაინული გემებისთვის, რომლებმაც პორტები უნდა დატოვონ, ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველყონ.

შავ ზღვაში უკრაინის პორტები ომის დაწყების შემდეგაა დაბლოკილი – პორტებს ვერ ტოვებს უკრაინული გემები, რომლებიც 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულითაა დატვირთული. რუსეთისა და უკრაინის მიერ მიწოდებულო ხორბალი მსოფლიოს მარაგის თითქმის მესამედს შეადგენს, ამიტომ, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება სასურსათო კრიზისის შექმნას უწყობს ხელს. ასევე, უკრაინა არის სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი.

კომენტარები