ჯანდაცვა

ჯანდაცვა: სასწრაფოს თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები და არ დააკლდებათ ხელფასი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სასწრაფოს თანამშრომლების აქციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ხელფასი არ შემცირებულა. ცენტრის განცხადებით, "სასწრაფოს თანამშრომლებს მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით". ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი.

"სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება  2 000 ლარს, ექიმის 1 700 ლარს, ექთნის 1 300 ლარს, მძღოლის 1 200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10 % -ით გაეზარდათ ხელფასები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

კომენტარები