რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ უკრაინისთვის დიდი რადიუსის თანამედროვე სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის ემზადება

M142 HIMARS

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება გააუმჯობესოს და გადასცეს დიდი რადიუსის მქონე თანამედროვე სარაკეტო სისტემები, რომლებიც უკრაინის მთავრობის მთავარი მოთხოვნაა. 

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია სისტემების უკრაინის სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ფარგლებში გაგზავნაზე ფიქრობს, რაც, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

გასულ დღეებში უკრაინა ითხოვდა ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა (MLRS) და მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS-ი. ამ სისტემებს რაკეტების სროლა იმაზე შორს შეუძლიათ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად მყოფ ზალპური ცეცხლის სისტემებს. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ფიქრობდნენ, რომ უკრაინამ ეს სისტემები, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო თავდასხმებისთვის გამოიყენოს, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია კვირების განმავლობაში ყოყმანობდა ამ შეიარაღების გაგზავნაზე.

CNN-თან აშშ-ს მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ეს საკითი თეთრ სახლში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შეხვედრებზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო. შფოთვის მთავარ საგანს წარმოადგენს ის, თუ აღიქვამს თუ არა რუსეთი მძიმე შეიარაღების გაგზავნას პროვოკაციად, რასაც, შესაძლოა, მათი მხრიდან აშშ-ს წინააღმდეგ რაიმე სახის საპასუხო ქმედება მოჰყვეს. 

CNN-ის წყაროების თქმით, მთავარი პრობლემა იყო სარაკეტო სისტემების დიდი რადიუსი. MLRS-სა და HIMARS-ს რაკეტების, მაქსიმუმ, 300 კილომეტრის რადიუსზე შეუძლიათ სროლა. ამას გარდა, მათივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბაიდენის ადმინისტრაციაში ყოყმანს იწვევდა, არის რამდენად აქვს აშშ-ს იმის ფუფუნება, რომ სამხედრო მარაგებიდან ამდენად დიდი რაოდენობის თანამედროვე შეიარაღება გასცეს.

CNN-ის ანონიმური წყაროების თქმით, გამოსავალი შესაძლოა უკრაინისთვის შედარებით მოკლე რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების გადაცემა იყოს, რაც ამჟამად განიხილება. მათი თქმით, უკრაინელი სამხედროების მომზადებას ნებისმიერ სარაკეტო სისტემაზე დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

საქმის კურსში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ CNN-თან თქვა, რომ პენტაგონის წარმომადგენლები შეხვდნენ MLRS-ის მწარმოებელი კომპანიის, ლოქჰიდ მარტინის აღმასრულებელ დირექტორს, რათა განეხილათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის პროდუქციისა და მიწოდების გაზრდის საკითხი.

ამას გარდა, CNN-თან ორმა მაღალჩინოსნმა თქვა, რომ სისტემების გაგზავნას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც და გადაწყვეტილებას აშშ-ს შესაბამისად მიიღებს.

კომენტარები