თბილისის მერია

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება

bm.ge

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას 15 ივნისს დაიწყებს.

"მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს და კონტრაქტორი კომპანიაც გვყავს. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ამ დროს სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი ქალაქიდან გადის და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას, იმიტომ რომ ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა მოგვიწევს. გვინდა, რომ ამ განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობებსა და ათეულ წელს გაუძლოს". - თქვა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დროს ვარაზისხევზე მოძრაობა ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად ცალმხრივია, სპეციალური ზოლები მოეწყობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად შეძლებს მოძრაობას. 

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მიმავალი ავტობუსები კოსტავას ქუჩასა და ვარაზისხევს აღარ გაივლიან და ისინი პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩაზე იმოძრავებენ. 

თბილისის მერიამ ტენდერი 3 იანვარს გამოაცხადა, რომლის ღირებულება 6.55 მილიონ ლარს შეადგენს და ის ტერიტორიის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს ითვალისწინებს. დოკუმენტაციაში თან დართულია სამშენებლო პროექტიც. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 120 დღეში უნდა უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ტროტუარების, ველობილიკის, სანიაღვრე ქსელის, ჭების, წყალმიმღების არხის, სახანძრო ჰიდრანტის, საგზაო ნიშნებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა.

კომენტარები