საქართველო-აშშ

ბოკერია: კობახიძის გზავნილი თავიანთი სისტემის მოსამართლეების დამშვიდების მცდელობაა

"ეს გზავნილი რეალურად არის მცდელობა, რომ დაამშვიდონ თავიანთი სისტემის მოსამართლეები, რომ ჩვენ თქვენ დაგიცავთ და არ გავუტარებთ არავის, ამერიკასაც არ გავუტარებთ თუ რამე სახით შედეგებს მოიმკით თქვენი სამარცხვინო საქმიანობისთვის" - ასე შეააფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ს საელჩოს ეხებოდა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაშა ჩხიკვაძე, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. მისი თქმით, "რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული".

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით კი, "სისხლის სამართლის დანაშაული არის პოლიტიკური დაკვეთით ნებისმიერი ადამიანის დევნა, ანუ რასაც პოლიტიკურად სჩადის ივანიშვილის მთელი რეჟიმი და კობახიძე რასაც წარმოადგენს თვითონ პერსონალურად". მანვე აღნიშნა, რომ რეალურად, ქართული ოცნება არათუ "თავისი სისტემის მოსამართლეებს", არამედ, საკუთარ თავსაც ვერ დაიცავს.

"თვითონაც აფეთქდებიან ამ კურსით, რა კურსზეც დგამენ, ოღონდ ამასობაში ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დარტყმას აყენებენ, სანამ ძალაუფლებაშია ივანიშვილი, კობახიძე და მთელი მისი გარემოცვა" - ამბობს ბოკერია.


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამიას დაკავება კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა. ევროპარლამენტარმა რასა იუკევიჩიენემ მთავარი არხის დირექტორის დაკავებას ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟი უწოდა, ხოლო ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, გვარამიას დაკავება EU-ს წევრობის განაცხადის ფონზე იგნორირებული ვერ იქნება.

გვარამიას დაკავების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ჯიმ რიშმა დაწერა, რომ მას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით შეეფარდა, ხოლო საქართველოში აშშ-ს საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მთავარი არხის დირექტორის დაკავება საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ დაკავებას აბსურდული სამართლიანობა უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ხელისუფლება სასამართლოს ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო უწყებამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა და ყურადღება საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეებზე გაამახვილა. მთავარი არხის დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, რომელმაც თქვა, რომ გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორმა, მარი სტრუტერსმა გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა და თქვა, რომ იგი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები