რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსული მედია: აზოვსტალის ქარხანას რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ

REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალმა იგორ კონაშეკოვმა თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნის უკრაინელებისგან "გათავისუფლება" შეძლეს და ქარხნის ტერიტორიას რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კონაშენკოს თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 531 უკრაინელი სამხედროსგან შემდგარი ბოლო დანაყოფიც ჩაბარდა.

კონაშენკო ასევე ამბობს, რომ აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო ქარხნის ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს. 

მანამდე, პროკოპენკომ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა და ქალაქის დაცვის შეწყვეტის შენარჩუნების ბრძანება გასცა.

გასულ ღამეს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებსაც არ გაასაჯაროებს.

17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები