ნიკა გვარამიას საქმე

ევროპარლამენტარები: გვარამიას მიმართ დაუსაბუთებელი განაჩენი ეხმიანება დაშინების პრაქტიკას

ტაბულა

რვა ევროპარლამენტარი სხვადასხვა პარტიიდან განცხადებით ეხმაურება მთავარი არხის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ევროპარლამენტარები წერენ, რომ გვარამიას პატიმრობა "სარწმუნო მტკიცებულებების" გარეშე შეუფარდეს. 

ევროპარლამენტარების განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება შედეგია ქართული სასამართლოების დაგვიანებული რეფორმის და ის აზიანებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. 

“ქართული სასამართლოს მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოში გაუარესებადი სამართლის უზენაესობის განგრძობადი გამოხატულებაა. ეს გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობისადმი.

სამწუხაროდ, სასამართლოს ეს სადავო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ფართოდ გავრცელებული დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასმხების პრაქტიკას. ბევრმა ჩვენგანმა ადრე ხმა ავიმაღლეთ ბატონი გვარამიას წინააღმდეგ უზნეო თავდასხმაზე, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა ბატონი გვარამიას პირადი მონაცემები პარლამენტის ტრიბუნიდან გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს გამართლებულ წუხილებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სიტყვის ბანზე აგდებით უპასუხეს.

ქართული სასამართლოს დაუსაბუთებელი განაჩენი არის შედეგი დიდი ხნის დაგვიანებული სასამართლო რეფორმისა, რომლის ჩატარების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასდროს შეუსრულებია. შერჩევითი მართლმსაჯულება და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის უფრო ღრმად გაუარესება შეუქცევადად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და საშიშროებას უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და საბოლოოდ კი წევრი ქვეყანა. ეს მკვეთრად საპირისპიროა იმისა, რაც სურს და რასაც იმსახურებს ქართველ ხალხი”. – წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ ანდრიუს კუბილიუსი და მაიკლ გალერი ევროპის სახალხო პარტიიდან, მარკეტა გრეგოროვა და ვიოლა ფონ კრამონი მწვანეებიდან, ანა ფოტიგა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების პარტიიდან, პეტრას აუშტრევიჩიუსი განახლების პარტიიდან, რაფაელ გლუკსმანი და სვენ მიკსერი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 

კომენტარები