ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის პროპაგანდისტი: საქართველოს ომში ჩასართავად ამერიკელები უკადრებელს იკადრებენ

ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტის, ზაზა შათირიშვილის აზრით, ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის დავის უკან ამერიკელები დგანან. პროპაგანდისტი ამბობს, რომ დღეს შვეიცარიული საბანკო სისტემა "ამერიკელების მიერ იმართება" და ისინი საქართველოს ომში ჩასართავად "ყველანაირ უკადრებელსაც იკადრებენ". შათირიშვილის წერილს POSTV ავრცელებს.

"დღეს ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბუნებრივია, საკითხისადმი ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რასაც განაპირობებს როგორც ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი, ასევე მისი როლი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაში, აქტიურად ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საერთაშორისო პრესას, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ დეტალს ხდის საჯაროს. დღეს გაირკვა, რომ შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნას ისევ განაგრძობს. შესაბამისად, გრძელდება შანტაჟიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ნახატები და ვერტმფრენი ერთჯერადი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო, ძირითად მომსახურებას კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უწევს. შესაბამისად, შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად, ბუნებრივია, ბანკი დარჩება. შესაბამისად, ივანიშვილს ყველა გადარიცხვაზე გააწვალებენ, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება და ომში საქართველოს ჩართვაც აქტუალობას არ დაკარგავს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, შანტაჟი ამ ყველაფრის შემდეგაც გაგრძელდეს, როცა დაინახავენ, რომ ივანიშვილისგან შედეგს ვერ მიაღწიეს.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილს წინ ურთულესი თვეები ელის, მასზე ზეწოლა და შანტაჟი ამ პერიოდში არათუ არ შესუსტდება, არამედ, პირიქით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამით ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს კლავენ: ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ და მეორე, შვეიცარიულ საბანკო სისტემასაც ანგრევენ. ბუნებრივია, როდესაც ივანიშვილი თავს იცავს, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაშიც ვრცელდება და შვეიცარიულ საბანკო სისტემას უდიდესი რეპუტაციული ზიანი ადგება.

ამ ყველაფერზე ერთი პატარა ისტორია გამახსენდა. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მეცნიერი 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში და თავის სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქართველებისთვის დახმარებისთვისაც იცლიდა. შეძლებული ქართველები პერიოდულად სთხოვდნენ ხოლმე, შვეიცარიულ ბანკში ანგარიშის გახსნაში დახმარებოდა. ისიც ეხმარებოდა და როდესაც ბანკმა დაინახა, რომ ჩემს ახლობელს ბანკში ბევრი შეძლებული კლიენტი მიჰყავდა, საგანგებოდ ბანკის ერთი ოფიცერიც მიამაგრეს. 2008 წელს ამ ოფიცერმა, რომელიც ჩემს ახლობელთან იმ დროისათვის უკვე დამეგობრებულიც იყო, გამოუცხადა, სი-აი-ეი, ანუ ამერიკის უსაფრთხოების სამსახური ყველა შვეიცარიულ ბანკს "დაგვაჯდა" და ანგარიშების გახსნა ისეთი მარტივი აღარ იქნებაო.

სრულიად ცხადია, რომ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემა დღეს ამერიკელების მიერ იმართება. ესეც არის ჩემი ლოგიკის კიდევ ერთი დასტური და ჩემთვის იმის უტყუარი მტკიცებულება, თუ ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის უკან.

ფაქტია, რომ საქართველოს ომში ჩასართავად ამერიკელები არც ძალებს დაზოგავენ და ყველანაირ უკადრებელსაც იკადრებენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს უკანასკნელი სახლიც რომ წაართვან, ის საქართველოში ომს მაინც არ დაუშვებს, ქვეყანას არავის გაანადგურებინებს და ქართველ ჯარისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებს არავის დაახოცვინებს".

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-თან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ვიქტორ ყიფიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეფასება სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია სასამართლო დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თავად საუბრობდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ზეწოლაზე.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები