ხორბლის მარაგი

ეკონომიკის მინისტრი: კორიდორში ხორბალი მოძრაობს, პრობლემა არ გვაქვს, მარაგიც არსებობს

ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა

"ფქვილი არის. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს" - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორბლის დეფიციტთან დაკავშირებულ კითხვას. მისი თქმით, "მთავარი ამოსავალია, იყოს ხელმისაწვდომობა პურზე მოსახლეობისთვის და ასევე, იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები".

"გაზრდა არ არის მთავრობის და საზოგადოების ინტერესებში. ამიტომ, ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ ფქვილის იმპორტის, ეს მიუღებელია. მთავარია, გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ სასურსათო მონიტორინგი მოვახერხოთ და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ძალიან კარგად ართმევს თავს" - ამბობს დავითაშვილი.

რაც შეეხება ხორბალს, ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში "გარკვეული მარაგები" არსებობს.

"საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემები" - თქვა დავითაშვილმა.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. სილაგავა აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. სილაგავას განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი - მცურავი ბაჟი მოქმედებს.

ამის გამო, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მათი მთავარი წინადადებაა, ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობა გათანაბრდეს. სილაგავას თქმით, "საკითხი პრემიერმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს", რადგან სამუშო ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა."

კომენტარები