ნიკა გვარამიას საქმე

გირჩი – მეტი თავისუფლება გვარამიაზე: ივანიშვილის ხელისუფლება კლანთან ერთად დასანგრევია

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ეხმაურება. პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობა, ძალით გააჩუმონ ადამიანი, მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს.

"ქართული ოცნების მცდელობა – ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს. ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია.

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ. ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. არ დანებდეთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ. სოლიდარობა ნიკა გვარამიას!" – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები