საარსებო მინიმუმი

საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა და 241 ლარი გახდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ოდენობა 2.8 ლარით გაიზარდა და 241 ლარი გახდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტთან შედარებით, აპრილში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 213.5 ლარს შეადგენს.

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

 

კომენტარები