რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დონეცკის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშს, მინიმუმ, 1 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა

"რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას. მათ დღეს ქალაქ ავდიივკაში კიდევ ერთი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, აუცილებლად დაისჯება". - წერს კირილენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები