ორპარტიული მცდელობის მიუხედავად, რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პაულმა ერთპიროვნულად გადადო უკრაინისთვის $40 მილიარდის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების დამტკიცება.
კანონმდებლობა ქვედა პალატამ დაამტკიცა და სენატში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მისი საბოლოოდ მიღება ეჭვქვეშ არ დგას.
ლიბერტარიანელი სენატორი სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერსა და სენატის უმცირესობის ლიდერ მიტჩ მაკკონელს შორის მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს და მოითხოვს, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს გენერალური ინსპექციის შექმნა, რომელიც დამატებით ზედამხედველობას გაუწევს, თუ როგორ დახარჯავს თანხებს უკრაინა. დემოკრატები და მაკკონელი სენატორის მოთხოვნას შეეწინააღმდეგნენ და ცვლილებისთვის კენჭისყრა შესთავაზეს, რაზეც სენატორმა რენდ პაულმა უარი თქვა.
"სენატი ერთგულების ფიცს დებს აშშ-ს კონსტიტუციის და არა რომელიმე უცხო ერის წინაშე, რამდენადაც არ უნდა თანაუგრძნობდეს მისაღწევი შედეგის მნიშვნელობას. ჩემი ერთგულების ფიცი ურყევი რჩება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ". - აღნიშნა სენატორმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების მომხრე 368, ხოლო მოწინააღმდეგე 57 კონგრესმენი აღმოჩნდა.





