ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი: მეოთხე კვირა, ამბერ ჰერდის ჩვენების მნიშვნელოვანი დეტალები

NY Times

ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაწყებული ვარსკვლავური დრამა კულმინაციას უახლოვდება. ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესის მეოთხე კვირა დასრულდა.

გახმაურებული პროცესის მეოთხე კვირას, ამბერ ჰერდს საკუთარი თავის დაცვისა და ჯონი დეპის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის საშუალება მიეცა. მსახიობის გარდა სასამართლოს წინაშე დაცვამ რამდენიმე მოწმეც წარმოადგინა.

დაცვის პირველი მოწმე სერტიფიცირებული სასამართლოს ფსიქოლოგი, ტრავმატული სტრესისა და ძალადობრივი მოპყრობის ექსპერტი დაუნ ჰიუზი გახდა. თერაპევტმა ჰერდთან 2019 და 2021 წლებში ჯამში 29 საათი იმუშავა. ჰიუზის თქმით ჰერდმა მას დეპის მხრიდან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ შეატყობინა. ფსიქოლოგმა ჰერდს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, ასევე ეჭვი შეიტანა ბრალდების მხარის ფსიქოლოგის დასკვნაში(დეპის ადვოკატების მიერ დაქირავებული ფსიქოლოგის დასკვნით ჰერდს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სინდრომი აქვს). ჰიუზმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული დიაგნოზის სიმპტომები არც ერთ სხვა ფსიქოლოგს, რომელიც ჰერდთან სხვადასხვა დროს მუშაობდა, არ შეუმჩნევია. ასევე ჰიუზმა ბრალდების მხარეს დაუდასტურა, რომ ჰერდიც ფიზიკურად ძალადობდა დეპზე.

ჰიუზის შემდეგ სასამართლოს ჩვენება თავად ჰერდმა მისცა. მისი თქმით ჯერ კიდევ 2012 წელს დეპი მას აკონტროლებდა და რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ფიზიკურად პირველად 2013 წელს გაუსწორდა, მას შემდეგ რაც ჰერდმა დეპს ერთ-ერთ ტატუს გამო დასცინა. 

ჰერდის თქმით ყოფილი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო, უშლიდა მუშაობას, მათი ურთიერთობა უსასრულო ბრძოლას დაემსგავსა, სიტუაციას ართულებდა დეპის დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე:

"როდესაც ის ფხიზლდებოდა, ისევ ის წარმოუდგენლად თბილი, გულუხვი, კეთილი ადამიანი ხდებოდა, რომელიც მიყვარდა".

ჰერდის თქმით ჩალურჯებების კვალს კოსმეტიკით მალავდა და სასამართლოში ჩხუბის შემდგომი დაზიანებების რამდენიმე ფოტოც წარმოადგინა. 

მსახიობმა ასევე დეპის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა – 2013 წელს დეპმა უცხო ქალზე იეჭვიანა, რომელიც ჰერდს ეფლირტავებოდა, შემდეგ ჰერდი სცემა და გააუპატიურა.

ჰერდმა თვითმფრინავის ინციდენტიც გაიხსენა. ქალის თქმით დეპმა ამჯერად ჰერდის ეკრანულ მეწყვილეზე, ჯეიმს ფრანკოზე იეჭვიანა, შემდეგ ზურგში ფეხი ჩაარტყა. ჩხუბს არაერთი ადამიანი შეესწრო, თუმცა არავინ ჩარეულა. ამის შემდეგ დეპი თვითმფრინავის ტუალეტში ჩაიკეტა და გონება დაკარგა. ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე მოკლეტექსტური შეტყობინება აჩვენეს, რომლებშიც დეპი ბოდიშს იხდის, ასევე აუდიოჩანაწერი, რომელშიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავი ყმუის. 

აქუამენის მსახიობის განმარტებით დაოჯახების შემდეგ დეპის მხრიდან ძალადობის ფაქტები გახშირდა: 2015 წელს, ავსტრალიაში, კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღებების მსვლელობისას დეპმა ჰერდი ლიქიორის ბოთლით გააუპატიურა, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპმა 10 აბი MDMA მიიღო და ცოლს სხვა მსახიობებთან ფლირტი დააბრალა, იმავე დღეს მსახიობმა ჰერდს არყის რამდენიმე ბოთლი ესროლა, შემდეგ ბოთლის ნატეხი სახესთან მიუტანა და დასახიჩრებით დაემუქრა. დაცვამ რამდენიმე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნული ჩხუბისა და გაუპატიურების შემდეგ დაზიანებული სახლი ჩანს. იმავე წელს დეპმა ცოლს არაერთხელ სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროისთვის სასამართლოს პროცესი შეჩერებულია, ყოფილი ცოლ-ქმარი დავას ორ კვირაში გააგრძელებს.

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის დავის სრულ ისტორიას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები