ოკუპირებული ცხინვალი

გაგლოევი რეფერენდუმზე: ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, როგორც კი სიგნალი იქნება, ჩავატარებთ

TASS

ოკუპირებული ცხინვალის ახლადარჩეული მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ცალმხრივი პროცესი არ არის. გაგლოევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრითაა დაკავებული, ხოლო როგორც კი სიგნალი იქნება, რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.

"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – თქვა გაგლოევმა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო შედეგების თანახმად პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი გახდა. მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა.

კომენტარები