ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილს პრობლემა ხელოვნების ნიმუშების და ვერტმფრენის გადაადგილებაში შეექმნა – ადვოკატი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და მისი რწმუნებული საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ ივანიშვილის სასამართლო დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ყიფიანი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-თან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. განცხადებაში ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

"ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა". 

ადვოკატი განმარტავს, რომ ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, Green Vals Trust-თან უთანხმოება სამართლებრივ რეჟიმში გადაიჭრება. ყიფიანის შეფასებით, ბერმუდის სასამართლოში მიღწეული წარმატების შემდეგ ყველა პირობა არსებობს სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესზეც იმავე შედეგის მისაღებად.

ყიფიანი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბიძინა ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.

ვიქტორ ყიფიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეფასება სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია სასამართლო დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თავად საუბრობდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ზეწოლაზე.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.

Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.


შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები