რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი
Joshua Roberts / REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. 

"ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი - საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ევროპის განვითარებად ბაზრებს მძიმედ დაარტყამს". - ამბობს ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. 

ასევე, იელენმა შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესების საკითხზე. ხაზინის მდივნის თქმით, ეს ნაბიჯი ნავთობის ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასების ზრდის პროცესი უკვე დაწყებულია, მას შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის ემბარგოს ინიციატივაზე ისაუბრეს. 

"სასურველი შედეგისთვის, ჩვენ ზუსტად უნდა გავთვალოთ პირობები, რადგან ეს ნაბიჯი, სავარაუდოა, რომ ნავთობის გლობალური ფასების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, სურვილი, უპასუხო რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, მისაღები და მნიშვნელოვანია". - თქვა იელენმა. 

ასევე, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვამ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შესახებ კითხვები გააჩინა. ზოგიერი მკვლევრის აზრით, მომავალში ქვეყნებმა შესაძლოა რეზერვების დოლარში შენახვისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან იარსებებს რისკი, რომ აშშ-ს მოგვიანებით მათი განკარგვის შესაძლებლობა ექნება. 

ამასთან დაკავშირებით, იელენმა თქვა, რომ აშშ ძალიან იშვიათად მიმართავს ისეთ მკაცრ ზომას, როგორიც ცენტრალური ბანკის სარეზერვო აქტივების გაყინვაა. ასევე, ხაზინის მდივნის სიტყვებით, ვერც ერთი სხვა ვალუტა ვერ შეძლებს, დოლარს კონკურენცია გაუწიოს. 

"აშშ რომელიმე ქვეყნის ცენტრალურ ბანკებზე სანქციებს ძალიან იშვიათად აწესებს. რუსეთთან მიმართებითაც, გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. მინდა აღვნიშნო, ამ პროცესში ძალიან ფართო კოალიცია იყო ჩართული". - დასძენს იელენი WSJ-თან ინტერვიუში.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მიიღებს. 

ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ენერგეტიკული მნიშვნელობა ევროპისთვის განსაკუთრებულად დიდია. ევროპის ენერგორესურსების მარაგის 40% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ამან გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ვითარება ერთგვარი დილემაა ევროპული ქვეყნებისთვის: არ იყიდონ რუსული ნავთობი უკრაინის განადგურებით აღშფოთებული საზოგადოების საპასუხოდ, თუმცა, ამავდროულად თავიდან აიცილონ კონტინენტზე საწვავის სავარაუდო დეფიციტი.

კომენტარები