რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის შეხვედრას მომავალ კვირას დანიშნავს

ჯოზეფ ბორელი
Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 7-8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება. 

ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს.

ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, "ვინაიდან ყველა ქვეყანა ერთნაირ სიტუაციაში არ არის". ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ასევე დასძინა, რომ შეთანხმება დროში აღარ უნდა გაიწელოს. 

ასევე, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკომისიის ახლანდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება. მისივე თქმით, უნგრეთი მოსალაპარაკებლად მზად იყო, თუ დაინახავდა ისეთ წინადადებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა.

ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთს, შესაძლოა, 5 წელი და თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში მსხვილი ინვესტიციების ჩადება დასჭირდეს იმისთვის, რომ შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც, დაახლოებით, 65%-ით რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ენერგეტიკული მნიშვნელობა ევროპისთვის განსაკუთრებულად დიდია. ევროპის ენერგორესურსების მარაგის 40% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ამან გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ვითარება ერთგვარი დილემაა ევროპული ქვეყნებისთვის: არ იყიდონ რუსული ნავთობი უკრაინის განადგურებით აღშფოთებული საზოგადოების საპასუხოდ, თუმცა, ამავდროულად თავიდან აიცილონ კონტინენტზე საწვავის სავარაუდო დეფიციტი.

კომენტარები