რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას დამატებით შეიარაღებას გაუგზავნის

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 8 მაისი, 2022.
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდონ უკრაინისთვის დამატებით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება დააანონსა. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრუდომ ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომთან კავშირში მყოფ რუსეთის მოქალაქეებსა და რუსულ კომპანიებზე დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა.

"დღეს, მე ვაანონსებ მეტ სამხედრო დახმარებას, დრონის კამერებს, სატელიტურ ფოტოებს, მცირე შეიარაღებას, საბრძოლო მასალასა და სხვა სახის დახმარებას, მათ შორის ოპერაციების დაფინანსებას". – თქვა ტრუდომ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები