რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რატომ იბრძვის უკრაინის მხარეს რუსული ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება"?

“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის ემბლემა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა Feygin Live-თან ინტერვიუში უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგიონის ცენტრები რუსეთის ტერიტორიაზეც გაჩნდა. 

"რუსეთის ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა თავისუფალი რუსეთის ლეგიონი. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია. ეს გარდაუვალია. ამ ყველაფერს ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არც ჩარევას ვაპირებთ". - თქვა არესტოვიჩმა Feygin Live-ში.

გარდა ამისა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არესტოვიჩმა რუსეთის ლეგიონის შექმნის მიზეზებზე ისაუბრა.

"მათ თქვეს, რომ პუტინის რეჟიმის დასრულება სურთ, რადგან ეს რეჟიმი რუსეთს კლავს. მათთვისვეა კარგი". - თქვა არესტოვიჩმა. 

Feygin Live-თან ინტერვიუში არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ 2 მაისს პირველი რუსი მეომარი "რუსეთის თავისუფლებას" ტყვედ ჩაბარდა.

"დღეს პირველი რუსი მეომარი ჩაბარდა ტყვედ რუსეთის ლეგიონ "რუსეთის თავისუფლებას". დიახ, ის მოვიდა და თქვა: მე ვბარდებდი ლეგიონს, დიდი ხანი ვეძებდი [ამის] შესაძლებლობას და აი, [მე] ეს მინდა". - ციტირებს არესტოვიჩი რუსი ჯარისკაცის სიტყვებს.

არესტოვიჩის თქმით, გარდა ამისა, ზოგიერთმა დატყვევებულმა რუსმა თანამემამულეებზე შურისძიების სურვილი გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ოკუპანტების დანაშაულების შესახებ შეიტყო უკრაინაში, კერძოდ, ბუჩასა და გოსტომელში.

"წარმოვიდგინოთ, რომ პუტინის რეჟიმი ერთ მშვენიერ დღეს შეწყვეტს არსებობას. შესაძლოა, ასეთმა ადამიანებმა ახალ რუსეთს დაუდონ საფუძველი... ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს ელემენტი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში გამოცდილება ექნება". - თქვა არესტოვიჩმა. 

რუსული ლეგიონის - "რუსეთის თავისუფლების" დაარსების ისტორია

უკრაინის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ლეგიონი - "რუსეთის თავისუფლება" დაარსდა. ისინი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. 

ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" რუსული არმიის ასეულისგან (100-ზე მეტი ადამიანი) ჩამოყალიბდა. რომელიც ნებაყოფლობით გადავიდა უკრაინულ მხარეს. ასეულის მეთაურის თქმით, 2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, ისინი შეუერთდნენ უკრაინულ მხარეს, რათა "დაიცვან უკრაინელები ნამდვილი ფაშისტებისგან". მან ასევე მოუწოდა თანამემამულეებს, პუტინის ჯარისკაცებს, შეუერთდნენ ლეგიონს, რათა გადაარჩინონ საკუთარი ხალხი და ქვეყანა "დამცირებისა და განადგურებისგან".

რუსულმა ლეგიონმა საკუთარი დაარსების მიზეზები და მიზნები Telegram არხზე, მანიფესტში განმარტა:

"დიქტატორ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი მთელი მსოფლიოსგან გაირიყა. ტირანია თავისუფალი რუსეთის ხალხის ნების გამოხატვას ნებისმიერი ფორმით დევნის. თავისი ქმედებებით პუტინმა გაანადგურა არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკა, ხალხის კეთილდღეობა, არამედ ბედნიერი მომავლისა და განვითარების უფლება. პუტინმა მოკლა რუსების ის ნაწილი, რომლებიც დიქტატურის წინააღმდეგ, თავისუფალი ცხოვრების უფლებისთვის იბრძოდნენ და აგრძელებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას უკრაინაში. 

ჩვენ, რუსეთის თავისუფალი მოქალაქეები, ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვიწყებთ ბრძოლას ახალი რუსეთისთვის. ჩვენ, რუსეთის თავისუფლების ლეგიონის ჯარისკაცები, მოვუწოდებთ თითოეულ თავისუფალ რუსს - სადაც უნდა იყოთ, შეუერთდეთ ჩვენს ბრძოლას! ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული რუსის ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის. ჩვენ ვებრძვით ვლადიმირ პუტინის დიქტატორულ რეჟიმს, მის მიერ დემოკრატიული ღირებულებების დავიწყებას, ტოტალურ კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევასა და სიტყვის თავისუფლების ნაკლებობას.

გვაქვს ნება, ჩვენს სამშობლოში თავად შევქმნათ საკუთარი მომავალი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ ვაღიარებთ ახალი, თავისუფალი რუსეთის ღირებულებებს - სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, საკუთარი მომავლის არჩევის თავისუფლებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, შეწყვიტონ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და შემოგვიერთდნენ. ჩვენ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიებს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! დიქტატორ ვლადიმირ პუტინის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ასე რომ, აღსდეგ ახალი რუსეთის ხალხო! კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე - რუსებო, თათრებო, ბაშკირებო, ჩუვაშებო, ბურიატებო, ინგუშებო, იაკუტებო, კალმიკებო, ალთაებო, ჩერქეზებო, ხაკასებო - ეს ჩვენი შანსია!”

"რუსეთის თავისუფლების" სამოქმედო გეგმა

თავისუფალი რუსეთის წევრები საკუთარ Telegram-არხზე წერენ, რომ ლეგიონის პირველი მოხალისეები ინდივიდუალურ მომზადებას უკვე გადიან. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, NLAW ყუმბარმტყორცნების გამოყენებას სწავლობენ. 

"გარდა ამისა, ლეგიონის ქვედანაყოფების მეთაურები ფრონტებზე ოპერატიულ ვითარებას გაეცნენ და ყველა მოხალისის სახელით გამოთქვამენ სურვილს, პირველი ბრძოლა პუტინის რეჟიმის ცოფიანი ძაღლების - კადიროველების წინააღმდეგ გამართონ". - ვკითხულობთ მათ Telegram-არხზე. 

2022 წლის 9 აპრილს "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონის ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აჩვენეს ლეგიონის მოხალისეები, რომელთაც რუსი სამხედრო ტყვეები დონბასიდან თავიანთ შტაბ-ბინაში გადაჰყავთ, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, შეუერთდნენ ლეგიონს.

რეალურად რა მიზეზით შეიქმნა რუსეთის თავისუფლების ლეგიონი?

მორალური მიზეზები

ბუჩასა და არაერთ უკრაინულ ქალაქსა თუ სოფელში, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულებს სჩადიან. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების ქვედანაყოფთა ნაწილს ომის დაწყებამდე არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია იმაზე, თუ სად და რა მიზნით ნაწილდებოდნენ, რამაც, მეორე მხრივ, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ უნდობლობა შიდა ბანაკშივე გამოიწვია. 

გადაწყვეტილების მიზეზად ასევე შეიძლება განვიხილოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შეცდომებიც, რომელთა ფონზეც რუსმა სამხედროებმა დაინახეს რეალური შანსი, რომ რუსეთი ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვა, შესაბამისად, გადაწყვიტეს მეორე მხარეს გადასვლა. 

პრაქტიკული მიზეზები

თუმცა, მორალური მხარის გარდა, არსებობს პრაქტიკული მიზეზებიც. განსაკუთრებით, იმ შემთხევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს რუს სამხედროებზე ბევრად უკეთესი ანაზღაურება და სამუშაო პირობები აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე არაერთ შენობაზე, ნავთობის საწყობებსა თუ სხვა ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. რუსი მაღალჩინოსნების თქმით, თავდასხმების უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები დგას, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვების ავტორები, შესაძლოა, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონის წევრები იყვნენ. 

ბუნებრივია, უკრაინელებისთვის არსებობს რისკი, რომ რუსული ლეგიონი რუსეთის კიდევ ერთი ფარული სპეკულაცია, ან ომის დეზერტირების მიერ ნაპოვნი "მარტივი" გამოსავალია. თუმცა, მხოლოდ დრო აჩვენებს იმას, "რუსეთის თავისუფლება" ქვეყანაში მართლაც რაიმე ძირეულ ცვლილებას დაუდებს სათავეს, თუ ერთ-ერთი უცხოურ ლეგიონად დარჩება, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის. 

კომენტარები